სულ მალე საქართველო ისტორიული გზაგასაყარის წინაშე აღმოჩნდება. ქვეყანამ ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს. შესაბამისად, ოქტომბერი განსაზღვრავს, როგორი იქნება საქართველოს მომავალი – კვლავ პროდასავლური თუ პრორუსული. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ უამრავი, უმძიმესი პროცესები გადაიტანა – ომი, გაჭირვება, დაპირისპირება, სამოქალაქო მღელვარება, საშინაო და საგარეო სირთულეები… თუმცა, თითოეულმა ჩვენგანმა ერთი რამ ზუსტად ვიცოდით – ჩვენი ქვეყანა სულ უფრო მეტად სცილდებოდა ყველა დროის ყველაზე ვერაგ მტერს, რუსეთს,  და უახლოვდებოდა თავის ისტორიულ ნავსაყუდელს, ევროპას.
ჩვენ, შესაძლოა, არ მოგვწონდა და არ მოგვწონს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, პოლიტიკოსი, კანონი, გადაწყვეტიულება, საკადრო პოლიტიკა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ ცალსახად დააფიქსირა საკუთარი არჩევანი – ქვეყნის პროდასავლური კურსი შეუქცევადი გამხდარიყო. ბუნებრივია, ეს პროცესი მიუღებელია საქართველოს განვითარების მთავარი მოწინააღმდეგის – რუსეთისთვის, სადაც იწერება და მუშავდება უამრავი გეგმა, ჩვენი ქვეყნის საგარეო ვექტორის ისევ ჩრდილოეთისკენ შებრუნების მიზნით.

ფიქრები ჩვენი შვილების მომავალზე.

(სტატია დაწერილია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე)

მახსენდება დათა თუთაშხიას საუბარი მეწისქვილესთან….

ჩვენი თაობა ემსხვერპლა საბჭოთა კავშირის ნგრევას. ასე ემსხვერპლა საფრანგეთის მთელი თაობა მონარქიის დამხობას, ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიის მთელი თაობები შეეწირა საკუთარ ფაშისტურ მთავრობებს, მაგრამ საშველად სხვა ქვეყნისთვის, მიშველე და შენს მფარველობაში ამიყვანეო, არ მიუმართავთ და დღეს მათი შთამომავლები ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოებში ცხოვრობენ.

რუსეთის ორასწლიანი ოკუპაციის ყველაზე სავალალო შედეგი იყო ქართველებში საზელმწიფოებრივი აზროვნების დათრგუნვა და ხშირ შემთხვევაში მისი სრული დეფიციტი.

როგორი ვითარება იყო ამ მხრივ მანამდე?  თუ არ ჩავთვლით ფეოდალურ სეპარატიზმს, რომელიც დამახასიეთებელი იყო განვითარების ამ სტადიაზე მყოფი ნებისმიერი ქვეყნისათვის, საქართველოში სახელმწიფოებრივი აზროვნება მაღალ დონეზე იყო. ეს იყო საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამცავი შინაგანი ინსტიქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში  ქართველი ხალხი, გამომდინარე იმ გეოპოლიტიკური არეალიდან  სადაც ის იმყოფებოდა და იმყოფება დღესაც (გათვალისწინებით იმ ურიცხვი სხვადასხვა რასის, აღმსარებლობის, სჯულის თუ ეთნიკური წარმომავლობის, არაკეთიმეზობლურ გარემოცვაში) უცილობლად გაიზიარებდა ასიმილაციისა და ეროვნული გადაგვარების ტრაგიკულ  ბედს.

რა არის ამოსავალი სახელმწიფოებრივი აზროვნების, და რა ძირითადი პრინციპები განსაზღვრავს  ასეთ აზროვნებას?  ეს არის პირადი  „მე”-ეს  ჩაყენება ქვეყნის სამსახურში (ვგულისხმობ ეროვნულს და არა იმპერიულს) . ჯერ სახელმწიფო, და მხოლოდ შემდეგ მე, ჩემი ოჯახი, ჩემი კეთილდღეობა, ჩემი პატივმოყვარეობა, ჩემი ამბიციები, ჩემი სარწმუნოება და სხვ. თითქოს უმარტივესი ფორმულაა. მას არ სჭირდება ბევრი ფილოსოფია, არც ბევრი კითხვა და ცოდნის მიღება, მაგრამ მას სჭირდება შინაგანი ინტელექტი, რომელიც ყალიბდება ადამიანთა აზროვნებაში საუკუნეების მანძილზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ დამოუკიდებელ სახილმწიფოში და არ არიან ვიღაცის მონები. (არ ვგულისხმობ მონურ სოციალურ მდგომარეობას. მე შემხვედრია ბევრი უაღრესად  განათლებული, თავისი საქმის კარგი მცოდნე; მეცნიერები, აკადემიკოსები, პროფესორები და ინტელიგენციის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომელთა სახელმწიფოებრივი აზროვნება არა თუ მაღალია, არამედ საშიშია ქვეყნისათვის. მათი ფორმულა ასეთია – „ჩვენ მაინც ვერ ვიარსებებთ სხვისი დახმარების (რუსეთის)გარეშე”. იმავდროულად შევხვედრივარ და მისაუბრია, უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებთან; გლეხებთან, სოფლის დიასახლისებთან, რომელთა ინტელექტი სახელმწიფოებრივი აზროვნების მხრივ, შეიძლება ითქვას, ეტალონია იმ ფორმულისა, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი – ჯერ სახელმწიფო მერე მე, მაგრამ საერთო ფონი მაინც სავალალოა. სახლმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი იწვევს პასიურობას, რეალური საფრთხის იგნორირებას, დღევანდელობაზე გათვლილ ცხოვრებას – 1921 წელს, 1991-92 წლებში, 2008 წელს, ხალხის ერთი მცირე ნაწილი ომობდა, მეორე ნაწილი გარბოდა, მესამე ვითომც არაფერი, აგრძელებდა ჩვეულებრივ რეჟიმში ცხოვრებას და საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას ომის დაწყებაში. გასხვავებით ფინეთისაგან, რომელმაც შეძლო მთელი სახელმწიფოს მობილიზება და ქვეყნის გადარჩენა. (ფინეთის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ორივეს, საქართველოს და ფინეთს ერთი და იგივე მტერი – რუსეთი გვიტევდა.).

“სახელმწიფო ადამიანს ჰგავს, სახელმწიფოს რომ გაუგო, სახელმწიფოს თვალით უნდა დაინახო რეალობა. ამის გაგებისას მთავარი ის კი არა, შენ რა გინდა და გაწუხებს, არამედ ის, სახელმწიფოს რა აწუხებს. იმის გამო, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სახელმწიფოებრიობა არ გვქონდა, ქართველ კაცს ეს ინსტიქტი დაჩლუნგებული ჰქონდა”. (გიორგი გაჩეჩილაძე)

აი ის მთავარი უარყოფითი  შედეგი, რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოსპობისა.

 ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვითავისებთ მთელი სიგრძე-სიგანით იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომ საქართველო ჩვენი დიდი ოჯახია. რომ მისი თვითოეული მხარე თუ კუთხე არის ამ დიდი ოჯახის განუყოფელი, სასიცოცხლო ნაწილები.  ჩვენ ვარემონტებთ საკუთარ ბინებს, სამაგიეროდ ვაბინძურებთ სადარბაზოს, ეზოს, ქუჩას (ის ხომ სხვისია); ვაყენებთ რკინის კარებს, რათა არავინ შემოგვივარდეს;  მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს რკინის კარები მტერს ვერ შეაკავებს;  რომ მტრის შეაკავება, მხოლოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანთა ერთობლიობას შეუძლია და არა მომხდურის შემგუებელთა ერთობლიობას. მაგრამ ამდენი ხნის მონობაში მცხოვრებნი, რომ ვეღარ ვაცნობიერებთ მტერს?..

ჩვენ ისტორიული და ისტერიული დაბნეულობა დაგვემართა. თავისუფლებაზე გამოსულმა, სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტის მქონე ადამიანებმა (მენტალურად მონებმა), მოვინდომეთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. გამოგვიჩნდა უამრავი მასწავლებელი. მაგრამ ყველას დაავიწყდა, რომ ჩვენ ისტორიული განვითარების კონტექსტიდან ამოვარდნილი ქვეყანა ვართ. ჩვენ გვთავაზობენ ქვეყნის განვითარების უკვე ევროპაში აპრობირებულ რეცეფტებს, თითქოს ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნება უკვე მზად იყოს ამისთვის. ჩვენი მთავრობაც დაჩქარებული ტემპით ებრძვის, ჩვენი ინტელიგენციისა და სახელმწიფო მოხელეთა სისხლში გამჯდარ მანკიერ თვისებებს, შეძენილს ორასი წლის განმავლობაში – მექრთამეობა, კორუფცია, ჩაწყობა, პრივილეგიები, ქურდული მენტალიტეტი და სხვა უამრავი. ადამიანების მთელი არმია, რომელთა აზრით სახელმწიფო არის მათი „მეწველი ძროხა” დარჩნენ ამ ძროხის გარეშე. მართალია ამ პროცესებს ბევრი ღირსეული ადამიანი შეეწირა, მაგრამ ეს ახალგაზრდა სახელმწიფო, რომელიც ფეხზე დგომას და ლაპარაკს ეხლა იწყებს, შორს არის იდეალურისაგან და ვერც იქნება დიდხანს.

 ყველა ქვეყანამ, რომელმაც დამოუკიდებლად გადალახა ფორმაციათა ცვლა (ვგულისხმობ ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლას), რომელსაც თან ახლდა რევოლუციები, სამოქალაქო ომები, ტოტალიტარული და ფაშისტური რეჟიმები და სხვა უამრავი წინააღმდეგობები, იყო ერთგვარი ღუმელი სადაც იწრთობოდა და ყალიბდებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მომავალი არსებობის  პოლიტიკური ფორმები. ყოველივე ამის შემდეგ, როგორც დავინახეთ, მსოფლიოს სახელმწიფოთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, განვითარების დემოკრატიული ფორმა აირჩია. მაგრამ ჩვენ? გვაცალა ვინმემ არჩევანის გაკეთება? ჩვენ ხომ არ გაგვივლია წრთობის ღუმელი? ჩვენ ხომ რუსეთის გუბერნია ვიყავით იმ პერიოდში? დაბეჩავებული და გაუბედურებული „ბედნიერი ერი”.

ამავე  დროს კაცობრიობამ ფეოდალიზმის დამხობის შემდეგ გაიარა რამდენიმე ურთულესი ეტაპი: ბურჟუაზია, კაპიტალიზმი, შემდეგ იმპერიალისტური ოლიგარქიული კაპიტალიზმი. მაგრამ ეს ყოველივე ფეოდალური ფსიქოლოგიის სრულყოფა იყო. წარმოების საშუალებების ერთპიროვნული მფლობელი თითქმის არაფრით განხვავდება ფეოდალისგან. მხოლოდ იმპერიალისტური კაპიტალიზმის სრული კრახის შედეგად მოხდა დემოკრატიული ფსიქოლოგიის ჩამოყალიბება. ყველა ამ ეტაპის ცვლილებები თავის დროზე თითქმის რევოლუციური მეთოდებით, სერიოზული კრიზისებისა და ომების გამო ხდებოდა. ბიზნესის ფსიქოლოგია იცვლებოდა. წვრილი ბურჟუა კაპიტალისტმა ჩაყლაპა. როდესაც მისი მტაცებლური მადა გაიზარდა, ის იმპერიალისტურ-ოლიგარქიული გახდა, მაგრამ გასული საუკუნის 30-იანი წლების დიდი დეპრესიის შედეგად, შეერთებულ შტატებში, საბოლოოდ კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იმპერიალისტური კაპიტალიზმის მზე დასავლეთში ჩაესვენა. მისი ადგილი დაიკავა ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა, რომელთა საქმიანობაც დაეყრდნო თავისუფალი ადამიანების შრომას, რომლებიც არა მარტო თანამშრომლები, არამედ ამ კორპორაციების თანამესაკუთრეები და შეასაბამისად თანამოაზროვნეები გახდნენ.(თ. ზაქრაძე)

ერთი შეხედვით, თითქოს ჩვენც გამოვიარეთ სამოქალაქო ომის ქარტეხილები 90-იან წლებში. მაგრამ მინდა გითხრათ – ისტორიული თვალთახედვით 90-იანი წლების მოვლენები, უფრო რუსეთის აგრესიული გეგმების ნაწილი იყო ვიდრე სამოქალაქო ომი. (ამის უამრავი ფაქტი არსებობს და ამის განხილვა სხვა საკითხია)

ჩვენ ავირჩიეთ განვითარების დემოკრატიული სისტემა, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის ოცი პროცენტი ოკუპირებულია და თავზე წამოგვდგომია იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი უზარმაზარი ბირთვული სახელმწიფო, რომელიც კვლავ ჩაყლაპვით გვემუქრება.  აი რას წერს მარქსი რუსულ სახელმწიფო მენტალიტეტზე:

“В кровавом болоте московского рабства, а не в суровой славе норманской эпохи стоит колыбель России. Сменив имена и даты, увидим, что политика Ивана III и политика современной московской империи являются не просто похожими, а и тождественными… Россия порождена и воспитана в противной и униженной школе монгольского рабства. Сильной она стала лишь потому, что в мастерстве рабства была непревзойденной. Даже и тогда, когда Россия стала независимой, она и далее осталась страной рабов. Петр I соединил политическую хитрость монгольского раба с величием монгольского владетеля, которому Чингисхан завещал покорить мир… Политика России – неизменна. Русские методы и тактика менялись, и будут меняться, однако главная цель российской политики – покорить мир и править в нем – есть и будет неизменной. “Московский панславизм – всего лишь одна из форм захватничества”. Карл Маркс

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ,  პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ელიტამ ვერ შეძლო საზოგადოებისთვის ახალი ბიზნეს-ფსიქოლოგიის შეთავაზება(განსხვავებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან) იმის სანაცვლოდ, რამაც უკვე დამარცხება განიცადა. ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დამანგრეველი ფსიქოლოგიით დაიწყო, რომელიც  2003 წლის ნოემბერში დამთავრდა. ჩვენი საზოგადოების ნაწილი დღესაც თვლის, რომ ამერიკაც და ევროპაც ისეთივე მტერია საქართველოსთვის, როგორც რუსე თი. მსოფლიოში ერების კეთილდღეობისათვის ყველაზე წარმატებული გზა თავისუფლება და დემოკრატიული აზროვნებაა. თავისუფლებას კი, უპირველეს ყოვლისა, გარე მტრისაგან დაცვა ჭირდება. საქართველოში დღეს შემოდის დემოკრატია. დემოკრატიულ ფსიქოლოგიას გამყარება სჭირდება, ფსიქოლოგიას, რომელიც სრულიად შეუთავსებელია რუსეთის მონღოლურ, მონურ, ფეოდალურ, იმპერიალისტურ ფსიქოლოგიასთან. აქედან გამომდინარე პუტინის რუსეთთან კეთილმეზობლობა  უბრალოდ შეუძლებელია. ნებისმიერი კეთილი ნების გამოხატვას დღევანდელი რუსეთი აღიქვამს მოწინააღმდეგის სისუსტედ.  ერთადერთი, რაც მას აჩერებს – ძალაა, რომელიც მისას აღემატება.

ივანიშვილის „ოპოზიციური სპექტრი დიამეტრულად განსხვავებულ ფსიქოლოგიას ატარებს, სადაც, სამწუხაროდ, ფეოდალური ფსიქოლოგია ჭარბობს და შესაბამისად მათ მიერ ჩამოყალიბებული კოალიციური მთავრობა იქნება ამორფული მასა, რომელსაც რუსეთი ისე გადაყლაპავს, ყელზეც არ დაადგება.” (თ. ზაქრაძე)

ის პარტიები და ადამიანები, რომლებიც დღეს ივანიშვილის გარშემო გაერთიანდნენ, დიდი ხნით ადრე არსებობდნენ და ვერ ერთიანდებოდნენ.

დღევანდელი გაერთიანება, გარკვეული აზრით, არის პროდუქტი არა მხოლოდ ქართული საზოგადოების შიდა ცხოვრებაში არსებული გამოწვევების, ელიტებს შორის დაპირისპირების, არამედ გარკვეული აზრით არის პროვოცირებული გარედანაც. რაც შეეხება ახალ პოლიტიკურ ძალას, ე.წ. ოპოზიციური ძალების მაკონსოლიდირებელ “ქართულ ოცნებას”, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მათი გააქტიურება გარედანაა ინიციირებული. ასე უბრალოდ არაფერი არ ხდება. ჩვენ ვიცნობთ ამ კოალიციის ლიდერებს, ჩვენს თვალწინ გაიარა ამ ხალხის ცხოვრებამ, ვიცით მათი პოლიტიკური ინტერესები. მათი უმრავლესობა 1990-1991 წლებიდან მოყოლებული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ყველა შეთქმულებაში მონაწილეობდა. მათი ბიოგრაფია არ ტოვებს კითხვის ნიშნებს, თუ სადიან იმართებიან ისინი. ამ ძალების კონსოლიდაცია მოახდინა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილმა ბიძინა ივანიშვილმა. მათი პროგრამა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი აშკარად ეწინააღმდეგებიან დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელმაც ქვეყანას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

„ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” წარმოადგენს არა ოპოზიციას, არამედ კონტრელიტას. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ქართულ ჟურნალისტიკაზე, რომელიც ხშირად კი იყენებს სიტყვას “ოპოზიცია” და არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ქვეყანას მართავს პოლიტიკური ელიტა. ძველბერძნულად სიტყვა “არისტოს” ნიშნავს ელიტას. აქედან მოდის სიტყვა არისტოკრატია. ახლა მას ელიტას უწოდებენ. თავის მხრივ, ეს ელიტა იყოფა სახელისუფლო ელიტად და ოპოზიციურ ელიტად. სახელისუფლო ელიტას და სახელისუფლო ოპოზიციას ერთიანი ეროვნული ნიადაგი აერთიანებთ, რომლებშიც ისინი ერთმანეთში არიან სოლიდარულები. მათი მიზანია ერის, სახელმწოფოს, კულტურის, როგორც სისტემის მდგრადობის შენარჩუნება. სახელისუფლო ელიტა გამოწვევებს შესაბამისად პასუხობს, ხოლო სახელისუფლო ოპოზიცია ამ გამოწვევებზე საზოგადოებას აცნობს თავის ალტერნატიულ პასუხებს. ამაშია სახელისუფლო ოპოზიციის არსი და სახელისუფლო ელიტასთან მსგავსება-განსხვავების ძირითადი ნიშანი. ის, ვინც ამბობს, რომ მე დავანგრევ ამ სისტემას, ამას პოლიტიკის სოციალოგიაში ჰქვია არა “ოპოზიცია,” არამედ კონტრელიტა. 1990 წლიდან დღემდე საქართველოში პოლიტიკური ბრძოლა მიდის ელიტასა და კონტრელიტას შორის”. (გ. გაჩეჩილაძე)

თუ ამ, ე.წ. კონტრელიტას  საქართველოში ზნეობრიობის აღორძინება და ქვეყნისათვი სიკეთის მოტანა უნდოდა რა საჭირო იყო ამისთვის მილიარდერი ივანიშვილი, რომელიც თვით რუსი ექსპერტების მოსაზრებით პუტინის პროექტია?

ყველაზე მეტად საშიშია თეორია – „ოღონდ ესენი მოშორდნენ და ვინც გიდა ის მოვიდეს”. ეს უნდა ჩვენს დაუძინებელ მტერს, ჩრდილოეთის ულუსიდან რომ გვითვალთვალებს და ხელსაყრელ მომენტს ელოდება რომ, ხელახლა ჩაგვათრიოს იმ უფსკრულში საიდანაც ჯერ კიდევ ვერ ამომძვრალვართ ბოლომდე, არ მოგვცეს საშუალება ჩამოვყალიბდეთ როგორც ცივილიზებული ერი, თორემ მერე ხომ ჩამოეშლებათ ოცნებები კავკასიაზე ერთპიროვნული ბატონობის.

სრულიად ვიზიარებ მიხეილ მჭედლიშვილის აზრს, რუსეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობათა მიმართებაში.

„ვინც ოდნავ მაინც იცნობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის რეალურ ისტორიას და არა საბჭოურად გაყალბებულს, კარგად ეცოდინება, რომ რუსეთს საუკუნეების განმავლობაში ბოროტების მეტი არაფერი გაუკეთებია საქართველოსათვის. – ეცოდინება, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელმაც საუკუნეთა მანძილზე რუსეთ-ირანისა და რუსეთთურქეთის ომებში მზაკვრულად ჩათრეული საქართველო, როგორ დაცალა სისხლისაგან, ჯერ ამ ქვეყნებთან მრავალგზისი დაპირისპირებით, და მერე ასევე მრავალგზისი ზურგშექცევით, – როგორ ურცხვად გათელა მის მიერვე ხელმოწერილი გეორგიევსკის ტრაქტატი, – როგორ უღალატა საქართველოს თვით კრწანისის ომში, – როგორ უტიფრად დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, რომელსაც „ნებაყოფლობითი შეერთება” უწოდა, – როგორი ვანდალისტობით განდევნა ქართული ენა ცხოვრებიდან ქართველი ერის გასარუსებლად, – მერე, როცა ძლივს თავი დავაღწიეთ რუსეთის დიქტატს 1918 წელს, სულიც არ მოგვათქმევინა, კვლავ შემოგვეჭრა ჯარებით 1921 წელს და იძულებით შეგვათრია კომუნისტურ ჯოჯოხეთში, – და როცა 70- წლიანი წამებისა და ასევე გამარუსებელი პოლიტიკის შემდეგ, აწ უკვე მეორედ დავაღწიეთ თავი იმპერიას და მოგვეცა შესაძლებლობა შეგვექმნა ჩვენი ეროვნული ხელისუფლება, არც ამჯერად გვაცალეს გოგუაძე-მარგიან-შევარდნაძესთან ძმადშეფიცულმა რუსებმა, და სწორედ მათ მსგავს კოსმოპოლიტებზე დაყრდნობით, თავზე დაგვამხეს თავისი ქვეყნისა და ხალხის ერთგული ეროვნული ხელისუფლება და ნაცვლად თავისი აგენტურული ხელისფლება დაგვასვეს თავს საქართველოს დასანგრევად, – სწორედ ამ კოსმოპოლიტურ-კარიერისტულ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ჩამოგლიჯეს საქართველოს სამაჩაბლო და აფხაზეთი, ჩვენსავე მიწა-წყალზე ჩაგვიხოცეს ქართველობა და გამოგვაძევეს იქიდან. აი, ის რეალობა, რაც საუკუნეთა მანძილზე დაგვაწია რუსეთმა, უკანასკნელი წლების ჩათვლით. ჩვენი ეროვნებადაკარგული ეს ვაიქართვლები კი, მგლისა და კრავის იგავისა არ იყოს, აქეთ გვდებენ ბრალს რუსების მიმართ წყლის ამღვრევაში – როგორ შეიძლება რუსეთს რომ ვებრძვით ქართველები, რუსები ხომ (ელცინი, პუტინი, გრაჩოვი, პასტუხოვი, ჟირინოვსკი) ჩვენი კეთილი ძმები არიანო?! რა შეიძლება ითქვას ამ გადარჯულებულ გარეწრებზე? ვითომ მართლა ვერ ხედავენ ვინ ვის ებრძვის? ხედავენ, როგორ ვერ ხედავენ, მაგრამ ისინი ხომ თავისი ხალხის ლანძღვისა და ღალატისათვის რაღაც საზღაურს იღებენ ჩრდილოელი დამკვეთებისაგან. აი, რისთვის ყიდიან საკუთარ სამშობლოს 30-ვერცხლად ჩვენი დროის იუდა-ისკარიოტელები.

რუსეთის ასეთი მტრული პოლიტიკა საქართველოს მიმართ თავიდანაც და შემდეგშიც, მიუხედავად თვით ქართველთა განუსაზღვრელი ნდობისა და ერთგულებისა, გამოწვეული იყო რუსეთის იმ ბოროტი განზრახვით, რომ ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ მთელი კავკასია რუსეთის განუყოფელ ნაწილად ექცია მკვიდრი მოსახლეობის გადაგვარება გადაშენებითა და აქ რუსული კოლონიების მოწყობით, რაშიც მას საქართველო მთავარ ხელისშემშლელ ძალად ესახებოდა. საქმე ის გახლავთ, რომ საქართველო თავისი გეოფიზიკური მდგომარეობითა და ეთნიკური ძალისხმევით იყო, არის და იქნება ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა და კვლავაც შეასრულებს, მისი სიცოცხლისუნარიანობის შემთხვევაში, კავკასიელი ხალხების თვითარსებობის საქმეში. ვიდრე საქართველო იარსებებს, იარსებებენ კავკასიის ყველა დანარჩენი ერებიც, ხოლო თუ აღიგვება საქართველო, აღიგვებიან სხვებიც.

კავკასიის ათვისების საქმეში საქართველოს დამაბრკოლებელი ძალის მნიშვნელობა შესანიშნავად ესმოდა და ესმის იმპერიული ამბიციებით შეპყრობილ ყოველ რუსულ ხელისუფლებას – მეფისასაც, კომუნისტებისასაც და ამჟამინდელ „გადემოკრატებულ” ხელისუფალთაც. ამიტომაც იყო, რომ კავკასიაში გაბატონების მოსურნე რუსეთი თავისი მიზნის მისაღწევად ჯერ ყველაზე მძლავრ ეთნიკურ ერთეულს – ქართველ ერს დაუპირისპირდა, რომ შემდეგ უფრო მცირენი ადვილად მოეხრჩო. თანაც, დაუპირისპირდა არა მარტო თვითონ, არამედ დააპირისპირა სხვებიც, რომელთაც შემდგომისათვის უპირებდა შთანთქმას.”

„საქართველოსთვის, წარსულ მტრებთან შედარებით, რუსეთი რომ გაცილებით უარესი მტერია, მარტო იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ აზიის თითქმის ყველა დამპყრობლის – თურქ-სელჩუკების, მონღოლების, თემურ ლენგისა და სხვათა ხელში, საქართველო ძირითადად ინარჩუნებდა თავის სახელმწიფოებრიობას, ქართულ ეროვნულ მთავრობას, ქართულ ენას, ქართულ კანონმდებლობას და მათ შორის სარწმუნოებასაც. რუსეთმა კი დაიპყრო თუ არა საქართველო 1801 წელს, იმ დღიდანვე მოსპო ყველა აღნიშნული ეროვნული ნიშანი და აკრძალა ოფიციალურ დოკუმენტებში თვით საქართველოს ხსენება. ქართულ სკოლებში, სასამართლო ორგანოებში, წარმოება-დაწესებულებებში და ეკლესია-მონასტრებში გააბატონა რუსული ენა. იმისათვის, რომ სავსებით აღმოეფხვრათ ქართული ეროვნული სული ჩვენს ეკლესია-მონასტრებში, რუსის ვანდალისტ-შოვინისტებმა, რემონტის საბაბით, თეთრი საღებავით შეღებეს და მოსპეს ძვირფასი ეროვნული მხატვრობა. (რასაც აფხაზეთში აკეთებენ დღეს. მ.დუმბაძე) რით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ქართველობის გარკვეული ნაწილი, წარსულშიც და ამჟამადაც, მადლიერი იყო და არის რუსეთისა? საიდან ჩაუჯდა თავში ქართველ კაცს ის აზრი, რომ თითქოს ირანოსმალეთის შემოსევების დროს რუსეთი ეხმარებოდა საქართველოს და მანვე იხსნა საქართველო დაღუპვისაგანო? როგორც ითქვა, რუსეთის როლის ასეთი არასწორი გაგება ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაყალბებული ისტორიით.”(მ. მჭედლიშვილი)

რუსეთის დამოკიდებულება ჩვენდამი ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 70-იანი წლების დამდეგს, ქართლ-კახეთში ვითომ, სამოკავშირეოდ და დასახმარებლად მოსული, რუსის ჯარის მთავარსარდლის, გენერალ ტოტლებენის მოქმედებებსა და შეხედულებებში გამოვლინდა. ალხაზისშვილი, თავის ნაშრომში “ჯავახური ლეგენდები”, ამას ასე აღწერს: “რუსის ჯარი მლეთის აღმართს რომ ავიდა, გუდაურის სადგურთან ისვენებდა, მაისის მშვენიერი დილა იდგა. ტოტლებენმა დურბინდი აიღო ხელში და არაგვის ტურფა ხეობას გადმოხედა… აღტაცებულმა ღენერალმა დემონივით გადმოსძახა რუსულად: “სამოთხის ქვეყანავ, საოცნებო საქართველოვ, შენ ხარ ჩვენთვის საჭირო და არა შენი ხალხი”.

ქართული ოცნება ერთხელ უკვე მოგვიწყვეს სტალინმა და სერგო ორჯონიკიძემ, და რაც დაგვემართა ყველამ იცით.

რუსები პირდაპირ ინტერვენციას საქართველოში ჯერ-ჯერობით ერიდებიან (დასავლეთის ფაქტორი. დიდი ომის წარმოებისთვის რუსეთს არც ეკონომიკა უწყობს ხელს და არც პოლიტიკა) და ფულით ცდილობენ თავიანთი ვერაგული გეგმების განხორციელებას. ისტორია კარგად წაიკითხეთ ოღონდ არა საბჭოთა პერიოდში დაწერილი და სანიკიძისეული. კარგად დააკვირდით რეფორმებს, რა მტკივნეულად ხორციელდებოდა ის საქართველიში, რა წინააღმდეგობებით იყო ის აღსავსე, რამდენი სისხლი იღვრებოდა იმისათვის რომ ქვეყანა გაძლიერებულიყო. ვერც იმ მეფეებს ვერ იტანდნენ ქართველები, ქვეყნის დამაქცევრის იარლიყსაც აკერებდნენ, მაგრამ გადიოდა საუკუნეები და ზოგს აღმაშენებელი უწოდეს, ზოგს ბრწყინვალე, ზოგიც წმინდანად შერაცხეს. თუ არ მოგწონთ პრეზიდენტი და ხელისუფლება ეს კარგია, მაგრამ ამის გამო სულს ნუ მიჰყიდით სატანას, რომელიც “ქართული ოცნების” ძალიან მიზიდველი ლოზუნგით საქართველოს ექაჩება ისევ პუტინის რუსეთში.

„პოლიტიკური სისტემის დემონტაჟის, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა, რუსეთთან ომის გაჩაღებაში საქართველოს მთავრობის დადანაშაულება – ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია და ამას ფეოდალური რევანშის მცდელობა ჰქვია.” „იდეოლოგია, რომლითაც რუსეთი თავისი არსებობის გამართლებას ცდილობს, ძალიან კარგადაა გასაგები და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, მისაღები ჩვენი ყოფილი მმართველი ელიტისთვის და მისი მხარდამჭერი ინტელიგენციისთვის.” (თ. ზაქრაძე)

საქართველოში ძნელად, მაგრამ მაინც თანდათანობით,  შემოდის დასავლური ტიპის  ძლიერი კონკურენტუნარიანი დემოკრატიული ფსიქოლოგია, რომელიც ეყრდნობა თითოეული ადამიანის თავისუფლებას, მის პროფესიონალიზმს. „არსებული ფეოდალური ფსიქოლოგია მარცხდება ამ კონკურენციაში და აქედან გამომდინარეობს პოლიტიკური ვნებათა ღელვა. ხშირად გვესმის: “დაინგრა ქვეყანა…”; “ეს არ არის ქართული…”; “ეს არ დევს ქართულ მენტალობაში…”; “ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოში ვცხოვრობთ…”; “რუსეთი მილიონი წელი იქნება ჩვენი მეზობელი…” და ა.შ. ” მესმის აღშფოთებული ხმები: “ამ რეჟიმმა ხალხს ბიზნესები წაართვა, ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით და ა.შ.” ქვეყანაში მიმდინარეობს ბრძოლა ფეოდალურ ფსიქოლოგიასთან. რევანშისტული განწყობის ჩამოყალიბება იოლია, როდესაც ბოროტად იყენებ დემოკრატიულ საშუალებებს, მედია თურმე თავისუფალია.”   (თ. ზაქრაძე)

ამ ეტაპზე ძნელი დასაჯერებელია,მაგრამ თუ რუსმა ხალხმა( გულწრფელად მათ მხარეზე ვარ) მართლა შესძლო ახალი, პუტინიზმისგან თავისუფალი რუსეთის შექმნა,რომელიც ოკუპაციაზე უარს იტყვის, მაშინ მათთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას წინ არაფერი დაუდგება.

კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკოსი – ტალეირანი ამბობდა: „პოლიტიკაში ის, რაც ხალხს სჯერა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სინამდვილე.  „პოლიტიკოსები სინამდვილის  საშუალებით უნდა იტყუებოდნენ”.  ეს ფრაზა არის პოლიტიკაში სიმართლის პოვნის ერთგვარი კოდი, გასაღები და თუ რატომ ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

(„აქ არსებობს ერთ-ერთი ძალზე არსებითი ასპექტი გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოო ჯამში „პოლიტიკა შეზღუდული რესურსებისთვის ბრძოლაა” — რომელიც საგანგებოდ ყოველთვის იმალება ჩვეულებრივი მოქალაქის თვალთახედვიდან… — მხედველობაში მაქვს ინდუსტრიული სამყაროსთვის ყველაზე სათუთ და აუცილებელ რესურსებზე — ენერგიის წყაროებზე და ენეგრომატარებლების ტრანსპორტირების არტერიებზე… „ ბ.გუგუშვილი)

 «ეროვნული მოძრაობის» გაშლისთანავე, ჩვენში ძალიან ბევრს საუბრობდნენ ქვეყნის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის შესახებ. ამ კონცეფციას გარკვეული ისტორიული ტრადიციაც აქვს.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა როგორც წმინდად ფიზიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით მას ნამდვილად აძლევდა შანსს, ითამაშოს დიდ სახელმწიფოთა შორის არსებულ წინააღმდეგობებზე. პოლიტიკის ერთ-ერთი ურყევი კანონია: პატარა სახელმწიფო, რომელიც რომელიმე დიდი იმპერიული სახელმწიფოს გავლენის სფეროში მოხვდება, განწირულია დასაღუპად, მაგრამ თუ პატარა სახელმწიფო იმყოფება ერთდროულად ორი დიდი სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ ველში, იგი შეიძლება გადარჩეს, – თუკი შეძლებს ოსტატურად გამოიყენოს მათი ურთიერთდაპირისპირება საკუთარ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესთა განსახორციელებლად და დასაცავად.

 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რაკი დასავლეთმა შეძლო ატომური საფრთხის ნეიტრალიზაცია, მისი ძირითადი ინტერესის სფეროს ამ სივრცეზე არსებული წიაღისეული წარმოადგენდა. ის ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკები», რომლებიც ნავთობის, გაზის, ქვანახშირის ან სხვა სახის პირველადი ნედლეულის დიდ მარაგს ფლობენ, იმთავითვე აქტიურად ეძებდნენ და ეძებენ თავიანთი სიმდიდრის დასავლეთში გადატანის ალტერნატიულ გზებს, ვინაიდან რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური ხაზები მათი პოლიტიკური და ეკონომიკური დაკაბალების საშუალება ხდებოდა მხოლოდ. 

მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ თურქმენეთი, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბუნებრივი მარაგით, მაგრამ ამ სიმდიდრის პოსტსაბჭოური სივრცის გარეთ გატანის არანაირი საშუალება არ გააჩნია: ყველა მილსადენი რუსეთზე გადის, ეს უკანასკნელი კი ნამდვილად არ არის დაინტერესებული თურქმენეთის კონკურენციით ევროპულ ბაზარზე, ვინაიდან თავად სურს ამ ბაზრის დაპყრობა და ჯერ-ჯერობით საკმაოდ წარმატებითაც ახერხებს ამას. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია აგრეთვე პოლიტიკური მომენტიც. თანამედროვე მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და საკომუნიკაციო არხების გადანაწილება უმალვე იწვევს გავლენის სფეროთა ცვლილებას, – ერთის შემცირებას მეორის სასარგებლოდ და ა.შ. 

დასავლელი ანალიტიკოსებისათვის ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის დაშლამდე ნათელი იყო, რომ შუა აზიის ამოუწურავი ნედლეულის შემოტანა პოსტინდუსტრიული სამყაროს ბაზარზე მნიშვნელოვნად გააიაფებდა ენერგიას (ამ ცივილიზაციის მაცოცხლებელ წყაროს) და შემდგომი პროგრესის მნიშვნელოვან ფაქტორადაც იქცეოდა. ამავე დროს, რუსეთი ნამდვილად არ არის დაინტერესებული მოვლენათა ამგვარი განვითარებით, რადგან იგი ორმაგად აგებს: როგორც გეოპოლიტიკური სივრცის თვალსაზრისით, ასევე თავისი შიდა რესურსების მობილიზაციით შესაძლო ფინანსური მოგების მხრივაც.(რუსეთი ვერ აწარმოებს კონკურენტუნარია პროდუქციას, მისი მრეწველობა ჩამორჩა თურქეთის, ირანის, ჩინეთის და სხვა განვითარებადი ქვეყნების მრეწველობას. ამიტომ რუსეთის სახელმწიფო თავისი ბიუჯეტით ჩამოკიდებულია ძირითადად ენერგომატარებლებზე – გაზი, ნავთობი)

ენერგიის დასავლური ბაზრის მონოპოლიზაცია რუსეთს საშუალებას მისცემდა მოეპოვებინა ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის აუცილებელი მძლავრი იმპულსი. ეს წინააღმდეგობა ამჟამად მიმდინარე ფარული «ცივი ომის» ძირითადი მიზეზია. ჯერ კიდევ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში გაფორმდა «თენგიზის» გრანდიოზული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ყაზახეთის ნავთობის ტრანსპორტირებას დასავლეთში, მაგრამ ამ პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა იმავე მიზეზის გამო: კონსორციუმში არ იყო აზრთა ერთიანობა ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტზე. ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ჯერ კიდევ «საბჭოთა რესპუბლიკას» ხელმძღვანელობდა, იძულებული გახდა მეტისმეტად დიდი «წილი» დაეთმო მოსკოვისათვის, რის გამოც პროექტის დამოუკიდებლად განხორციელება ყაზახეთმა ვერ შეძლო; «თენგიზი» დაკონსერვდა დროებით.

 1992-93 წლებიდან, თურქეთის წინადადებით, შუა აზიისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებმა დაიწყეს სერიოზულად ფიქრი ევროპაში გასასვლელი ალტერნატიული მაგისტრალის მარშრუტზე. ეს პროექტი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მაშინდელმა ლიდერებმა პრინციპულად გადაწყვიტეს საკითხი კასპიის შელფში არსებული ნავთობის უზარმაზარი მარაგის დასავლეთში გატანის შესახებ.

ახალი «აბრეშუმის გზა», ანუ «ევრაზიული დერეფანი», განსხვავებით რამდენიმე ათასი წლის წინ არსებულისაგან, ოდნავ ჩრდილოეთით აიწია და გადის კავკასიაზე, კერძოდ საქართველოზე. ამის მთავარი მიზეზი იყო: სომხეთის რუსეთის სატელიტად გადაქცევა (რასაც ნათლად ვხედავთ), ირანისა და ერაყის ტერიტორიაზე ექსტრემისტული რეჟიმების არსებობა. ყოველივე ამან აიძულა დასავლეთი, ტრადიციული მარშრუტის ოდნავი კორექცია მოეხდინა, მაგრამ ეს «ოდნავი» ცვლილებაც კი საკმარისი აღმოჩნდა საქართველოს ბედის გადასაწყვეტად.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ «ევრაზიული დერეფნის» საკითხის გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო, რაც უახლოესი საუკუნის განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ბედს.

ამავე დროს, ნავთობსადენი ერთდროულად რამდენიმე პოლიტიკურ «კვანძს გახსნის» და ეხმარება თურქეთს  კვლავ შემოიყვანოს საკუთარ გეოპოლიტიკურ სივრცეში აზერბაიჯანი.

    რაც შეეხება საქართველოს, რომლის თანხმობის გარეშეც პროექტი საერთოდ ვერ განხორციელდებოდა, ჩვენი ქვეყანა იგებს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. დასავლური კაპიტალის დიდი ოდენობით შემოჭრას კავკასიაში უეჭველად მოყვება პოლიტიკური გავლენის ზრდაც. მარტივად რომ ვთქვათ, თუ «ენერგეტიკული ხაზი» სამხრეთისაკენ გადმოინაცვლებს და გაივლის შავი ზღვის რეგიონში, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი, რომელიც ამჟამად ხმელთაშუა ზღვაშია განლაგებული, ან მისი ნაწილი  (ეს ის მეექვსე ფლოტია, რომელიც ვითომდა სამხედრო ჰუმანიტარული დახმარების მოტივით შემოვიდა საქართველოს საზღვაო აკვატორიაში და რომელმაც,  ფაქტიურად შეაჩერა რუსების წინსვლა თბილისისაკენ) ადრე თუ გვიან გადმოინაცვლებს შავ ზღვაში, რათა სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით უზრუნველყოს ეს მაგისტრალი.

მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ კასპიის ნავთობი მხოლოდ ნაწილია ენერგიის იმ უზარმაზარი მასივისა, რომლის ტრანსპორტირებაც დასავლეთში საქართველოს გავლითაა განზრახული. საკმარისია ამოქმედებულიყო პირველი ხაზი,(BP) რომ უმალვე მოდის მოქმედებაში მთელი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც ცენტრალურ აზიას, კასპიის ზღვის გავლით, დააკავშირებს კავკასიასთან. ყაზახეთში ნავთობის კიდევ უფრო დიდი რესურსებია; ისინი დამუშავებასა და ტრანსპორტირებას საჭიროებენ.
გარდა ამისა, არანაკლები მნიშვნელობის ნედლეულია უზბეკეთის ბამბა, რომლის ექსპორტირება რუსეთის გავლით ტაშკენტს ტონაზე 200 დოლარი უჯდება მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს  მეთაურის  ვიზიტის დროს მოხდა წინასწარი შეთანხმება, რომ ფოთისა და ბათუმის პორტებიდან საქართველო ბამბის გადატვირთვას განახორციელებს სულ 67 დოლარად.

ამავე დროს, მთელი ამ გრანდიოზული გეგმის განხორციელებას წინ იგივე ბარიერი ხვდება, რაც ათი, ოცი, ასი წლის წინ: რუსეთის სახელმწიფო-სტრატეგიული ინტერესებისათვის კატეგორიულად მიუღებელია ესოდენ მნიშვნელოვანმა ენერგეტიკულმა მაგისტრალმა ევრაზიაში მისი გეოპოლიტიკური საზღვრების გარეთ გაიაროს; ან, მით უმეტეს, ამ მაგისტრალმა ხელი შეუწყოს მისი სახელმწიფოებრივი გავლენის არეალის შემცირებას. ამიტომ კრემლი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალოს. ამ მიზნით, პერსპექტიული მაგისტრალის მთელ სიგრძეზე იგი ქმნიდა არასტაბილურობის კერებს – ტაჯიკეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში. ამას უკავშირდებოდა კრიმინალურ-ტერორისტული ანარქია საქართველოში. 29 აგვისტოს შევარდნაძის ფიზიკური განადგურების შემთხვევაში, ნავთობსადენის გაყვანაზე ფიქრიც კი ზედმეტი გახდებოდა არა იმდენად დასავლეთში შევარდნაძის პიროვნული ავტორიტეტის გამო, რამდენადაც იმ მიზეზით, რომ ტერორისტული აქტის წარმატებას (იგორ გიორგაძის ხელმძღვანელობით) კვლავ მოჰყვებოდა ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი.  (გაიხსენეთ, როგორც კი კრემლმა, მის მოთხოვნაზე, უარი გვეთქვა ნავთობსადენის სამხრეთ მაგისტრალის მშენებლობაზე, შევარდნაძის კატეგორიული უარი მიიღო, მეორე დღესვე განხორციელდა მასზე ტერორისტული აქტი)

საქართველოს ოკუპაცია 1921წელს,  სუმგაიტის ტრაგედია, სომხეთ – აზერბაიჯანის ომი(ყარაბაღი), აფხაზეთის ომი, ცხინვალი, გამსახურდია, სამოქალაქო ომი საქართველოში… და სხვა. ეს ხომ ყველაფერი სინამდვილეა. ამავე დროს, საშუალებაა  დიდი სიმართლის დასაფარავად. დიდი სიმართლე კი გეოპოლიტაში იმალება. აი როგორ მუშაობს ტალეირანის  კოდი.

დააკვირდით ვინ არიან ამ კონფლიქტების ძირითადი შემსრულებლები, საიდან მოდიოდნენ და სად ცხოვრობენ დღესაც. ჩვენ კი პატარა ბავშვებივით – ვინ დაიწყო ომი და ვინ პირველი ვინ ბოლო და სამშვიდობოები და აფხაზები, ოსები და რაღაც იდიოტიზმი და სისულელეები.

  კრემლისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების შენარჩუნებას. ეს მას აძლევდა საშუალებას, არ დაეშვა საკუთარ გეოპოლიტიკურ სივრცეში «უცხო» სამხედრო-სტრატეგიული ძალის შემოჭრა.(ამიტომ დგანან რუსული ტანკები ცხინვალში. ისინი თბილისიდან კი არ დგანან 40 კილომეტრში – როგორც ჩვენი პოლიტიკოსები იძახიან ხშირად  საერთაშორისო ტიბუნიდან – არამედ ნავთობსადენიდან დგანან 40 კილომეტრში.) საქართველოს პოლიტიკური კაპიტულაციის შემთხვევაში, ეს დერეფანი რუსეთისათვის არანაირი საფრთხის შემცველი აღარ იქნება. პირიქით უფრო მეტ ბერკეტებს  ჩაიგდებს ხელში, გააკონტროლებს ამ დერეფანს და როცა მოისურვებს მაშინ ჩაუკეტავს დასავლეთს – მის მთავარ მოწინააღმდეგეს.

ჩემი აზრით, ასეთი “საპასუხისმგებლო” დავალება აქვს შესასრულებელი დღეს  „ქართულ ოცნებას”.

მავანი იტყვის – რას ჩააცივდით ამ ივანიშვილს, იგი ხომ ქველმოქმედია, ხალხს ეხმარება. ასეთი იყო გრაფი ვორონცოვიც. მან ააშენა ოპერა, საფუძველი ჩაუყარა რუსთაველის თეატრს, ხალხს პენსიებს ურიგებდა… ამიტომ გაუმარჯოს საქართველოს გუბერნიას? ქველმოქმედები იყვნენ კომუნისტებიც, ყველას ამუშავებდნენ, ხელფასებსაც უხდიდნენ, საჭმელი იაფი, დენი იაფი, ტრანსპორტი და სხვა., მაგრამ, ეს ყველაფერი,  ქვეყნისა და ხალხის თავისუფლების ფასად. ამიტომ დაემხოთ თავზე ეს ქვეყანა.

ივანიშვილის მსგავსი (მდიდარი) მამულიშვილები ბევრი ჰყავდა საქართველოს: ირანში, ეგვიპტეში, ერაყში და სხვ. ყოველ მათგანს უყვარდა საქართველო და ყველა შენატროდა მას, მაგრამ ემსახურებოდნენ იმ ქვეყნის ძლიერებას სადაც სიმდიდრე ჰქონდათ ნაშოვნი.

ივანიშვილმა რუსეთში იშოვნა უზარმაზარი ფული. ამ ფულით მას შეუძლია მართლა გააერთიანოს საქართველო და გახდეს ქართველი ხალხის ჭეშმარიტი გმირი. მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. მაგრამ რატომ არ აკეთებს ამას თუ იგი პატრიოტია და ჩვენი ქვეყანა უყვარს? იმიტომ რომ ეს ფული რუსეთისაა და უნდა მოხმარდეს რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოს გაძლიერებას. რუსეთის ინტერესებში კი, შედის ისეთი საქართველო, რომლის სახელმწიფო პოლიტიკა რუსეთთან ინტეგრირებაზე იქნება მიმართული .

ამიტომაა რომ ბატონი ბიძინა  ყიდულობს პარტიებს, ხალხს, რათა ისინი რუსეთის პოლიტიკური ინტერესების სამსახურში ჩააყენოს.

ასე რომ, ივანიშვილის ქველმოქმედებაც  სინამდვილეა  დიდი სიმართლის დასაფარავად.

«ევრაზიული დერეფნის» სახით საქართველოს, შეიძლება ითქვას, ისტორიული შანსი  აქვს – თავი დააღწიოს რუსეთის გავლენის სფეროს და ჭეშმარიტად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცეს. თუ ჩვენი თაობა ამ შანსს არ გამოიყენებს, მაშინ შესაძლოა იმ ეპოქამდე მოგვიწიოს ცდა, როდესაც «ევრაზიული დერეფანი», «აბრეშუმის გზის» მსგავსად, ისტორიულ ანაქრონიზმად მოგვეჩვენება.

თამაშის წესები ასეთია, პატარა ქვეყანამ უნდა გააკეთო არჩევანი – ან დასვლეთი, ან აღმოსავლეთი. აღმოსავლეთს მზა ფორმები უყვარს (დაშტამპული), ევროპას შემოქმედება ახასიათებს, მუდმივი ძიება. ევროპეიზმი ჩვენ მოგვცემს საშუალებას ჩამოვყალიბდეთ, როგორც ცივილიზებული ერი (ეს მის ინტერესებში შედის. ევროკავშირი ასეთია). საქართველოს ევროპულ სივრცეში გაერთიანების მთავარი მონაპვარი იქნება ის, რომ ჩვენი შვილებისა და მათი ოჯახების ბედის განმსაზღვრელი იქნება არა მიშა, პეტრე ან ბიძინა, არამედ ევროპულ ღირებულებათა საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო ინსტიტუტები. რუსეთი არ მოგვცემს ამის საშუალებას, მათ მონგოლური მენტალობა აქვთ – დაყავი და იბატონე (რასაც აკეთებდნენ და აკეთებენ. იმპერიებში ადამიანების ბედს პიროვნებები წყვეტენ, დეცენტრალიზაცია მისთვი მომაკვდინებელია).

თანდათანობით ყველაფერი დალაგდება, ქართულ სახელმწიფოშიც იზეიმებს სიმართლე და ზნეობრიობა. („გაბრაზება ადვილია, მოთმინებაა რთული…” ჰომეროსი. აბსოლუტური სრული სრულყოფას ქართულ სასაშიც აღწევს, ამტკიცებდა ჰეგელი. თვითონვე ხსნიდა, თუ რატომ არ ხდებოდა აბსოლუტური გონის ქართველში რალიზება. მისი აზრით, ქართველობას ამუხრუჭებს მერყევი სული, უნებისყოფობა.) მაგრამ თუ  დღეს ვერ გავაკეთეთ სწორი არჩევანი და დავბრუნდით ძველ ორბიტაში, იმიტომ რომ არ მოგვწონს ეს ხელისუფლება და გაბრაზებულები ვართ მასზე,  ჩვენს შვილებს ან შვილიშვილებს მოუწევთ 90-იანი წლების საშინელი კოშმარის ხელახლა გადატანა. ეს ქართველების ისტორიული რეალობაა. დღეს ყველა მოაზროვნე ისტორიკოსი ერთხმად აღნიშნავს – ერეკლეს რომ მოეთმინა, სიბრაზე დაეოკებინა და ცივი გონებით ეხელმძღვანელა, დღეს გაცილებით უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით.

მეოცნებე პოლიტიკოსებთან კამათში, როდესაც მათ პრორუსულ ორიენტაციაზე მიუთითებენ, ხშირად გაიგონებთ ასეთ კონტრარგუმენტს – „სააკაშვილია ყველაზე პრორუსული, მან ხომ მთელი ქვეყნის ეკონომიკა რუსეთს მიჰყიდა”?  ე.ი. ამ ლოგიკიდან გამომდინარე,  რუსეთმა ომი დაიწყო იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც უკვე ნაყიდი ჰქონდა? მაპატიეთ, თქვენ ალბათ გულისხმობდით იმ საწარმოებს და კორპორაციებს, რომელთა აქციების ნაწილი რუსებმა, ანუ რუსმა ბიზნესმენებმა შეიძინეს!?

ერთი მხრივ კარგია გული რომ შეგტკივათ საქართველოს ქონებაზე. საქმეში ჩაუხედავი პატრიოტი ნამდვილად ტაშს დაგიკრავთ – „აი ნამდვილი მამულიშვილები”!

ისე, თუ პოლიტიკოსები ბრძანდებით, კარგად უნდა გესმოდეთ, რით განსხვავდება საბჭოთა ეკონომიკა, საბაზრი ეკონომიკისაგან, რა არის სახელმწიფო ინვესტიცია, კერძო ინვესტიცია, უცხოური ინვესტიცია და ასე შემდეგ. თუ არ იცით, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის თქვენმა მეთაურმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ყველანაირი სისულელე წამოსცდენია თავისი ხანმოკლე პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში, მაგრამ მსგავსი სისულელე, რომელსაც თქვენ აბრალებთ სააკაშვილს, ნამდვილად არ წამოსცდენია. არ წამოსცდენია და ვერც წამოსცდება, იმიტომ რომ თვითონ ყიდულობს, ყიდის და ახორციელებს ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ რუსეთში.

მაგრამ, ამაში ცუდს რას ხედავთ?

მთავარი მიზეზი ისევ პოსტსაბჭოური, მონური მენტალიტეტის შედეგია. არცოდნა საბაზრო ეკონომიკასა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობის, და იმ პრინციპების, რომელიც არეგულირებს ამ ურთიერთობებს.

სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის გარიგება ხდება იმ შემთხვევაში თუ იგი მომგებიანია ორივე მხარისათვის, მაგრამ, ამავე დროს სახელმწიფოს გააჩნია უამრავი ბერკეტი – საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, თუ გნებავთ კონსტიტუციური, და უამრავი სხვა, რომლის საშუალებით მას შეუძლია, იმ შემთხვევაში თუ ინვესტორი აღარ პასუხობს მის ინტერესებს და სახელმწიფოსთვის აღარაა მომგებიანი, გააუქმოს მასთან ხელშეკრულება და აიძულოს დატოვოს ქვეყანა. მაგრამ, როგორც წესი, უცხოელი ინვესტორი, რომელიც დიდ ფულს დებს ქვეყანაში, ცდილობს ითამაშოს იმ თამაშის წესებით, რომელიც ქვეყანას და სახელმწიფოს აწყობს. უცხოელ ინვესტორს პირველ რიგში აწყობს, ქვეყნის სტაბილურობა, გამართული სახელმწიფო-ადმინისტრაციული და სამართლებრივი სისტემა, არაკრიმინალური და არაკორუმპირებული გარემო, მყარი სავალუტო კურსი, მშვიდობა და ასე შემდეგ. ე.ი. ძლიერი სახელმწიფო.

 ეხლა, მე გეკითხებით, რა არის ამაში ცუდი? რაც უფრო მეტი რუსი ინვესტორი ჩადებს ფულს საქართველოს ეკონომიკაში, მით უკეთესი ჩვენთვის. რუსი ინვესტორის ფსიქოლოგია იგივეა რაც ნებისმიერი სხვა ქვეყნის – სტაბილური მოგება. ე.ი. უფრო მეტი რუსი ბიზნესმენი იქნება დაინტერესებული ქართული სახელმწიფოს სტაბილურობაში და ძლიერებაში, რაც საბოლოო ჯამში მათი სახელმწიფოს ინტერესებშიც აისახება.(თუ, რა თქმა უნდა რუსეთი განვითარების ნორმალურ და არაიმპერიულ კურსს აირჩევს. ისე, რა დააკლდა ინგლისის ფეხბურთს აბრამოვიჩმა ჩელსი რომ იყიდა? რა, მოიკიდა ზურგზე და რუსეთის ჩემპიონატში გადაიტანა?)

მაგრამ, თუ საქართველო რუსეთთან კაპიტულანტური პოლიტიკის გზას დაადგება, რასაც ივანიშვილი და მისი მომხრეები გვთავაზობენ, მაშინ თქვენი შიში ნამდვილად გამართლდება. საქართველოს პოლიტიკური სისტემის ინტეგრაციას, რუსულ სახელმწიფოში, ნამდვილად მოყვება ჩვენი ქონების ერთიან რუსულ ოჯახში გათქვეფა და გადანაწილება. აქ თამაშის წესები რადიკალურად შეიცვლება.

რუსი ბიზნესმენი ბერეზოვსკი, თავის ინტერვიუში  ადასტურებს, რომ  მან იცის:  „ივანიშვილს არა აქვს პრობლემები რუსეთში. ეს კი არის იმის ზუსტი კრიტერიუმი, რომ  ბიზნესმენი  თამაშობს რუსეთის ხელისუფლების თამაშის წესებით – როგორც გენებოთ, ისე იგულისხმეთ, მაგრამ ეს არის რუსეთის სასარგებლოდ მოქმედების 100%-იანი დასტური. რუსეთში არ არიან ბიზნესმენები, რომლებსაც არ ჰქონდეთ ხელისუფლებასთან პრობლემები და, ამავე დროს, ისინი არიან მათი პოლიტიკის მომხრენი და გამტარებლები. რადგანაც საქართველო რუსეთის საგარეო პოლიტიკის პრინციპული ნაწილია, და აგრეთვე   იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა შესახებაც ახლა არ მსურს საუბარი, ვთვლი, რომ ივანიშვილს არ შეუძლია შეინარჩუნოს საქართველოს განვითარების დამოუკიდებელი ვექტორი”.

ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა – „ომი საქართველომ დაიწყო”. მეორე პრესკონფერენციაზე განაცხადა – „საქართველომ ომი კი არა, საომარი მოქმედებები დაიწყო”.

ამ ლოგიკიდან შეიძლება დავასკვნათ; 1941 წლის 22 ივნისს გერმანიამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომი კი არა,  საომარი მოქმედებები დაიწყო. იმიტომ რომ გიტლერს ომი არ გამოუცხადებია საბჭოთა კავშირისათვის. ომი სტალინმა დაიწყო, რათა წინააღმდედობა გაეწია საომარი მოქმედებების დამწყებ გერმანიისათვის.

ასეთი აბდაუბდა და აფსურდული შეიძლება გავხადოთ ისტორიული ფაქტი, როცა არ გვესმის, რა არის ომი და რა არის საომარი მოქმედებები. ისე პოლიტიკოსმა კი უნდა იცოდეს, რომ საომარი მოქმედებები ომის შემადგენელი ნაწილია. ომის გარეშე საომარი მოქმედებები, როგორ უნდა აწარმოო? იქნებ სამხედრო მანევრები იგულისხმეთ ბ-ნ ბიძინა?, რომელსაც რუსები აწარმოებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ომის დაწყებამდე?

პუტინმა  უკვე საჯაროდ დაადასტურა, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ინტერვენციისათვის, ხოლო რუსი სამხედროები საომრად ამზადებდენენ ბოევიკებს ცხინვალის რეგიონში .

„გეგმის ფარგლებში ჩვენ ვამზადებდით სამხრეთოსეთელ მოხალისეებს,” – განაცხადა  რუსეთის პრეზიდენტმა.

ამგვარად, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთი, რომელიც იმ დროს ოფიციალურად მშვიდობისმყოფელი და შუამავალი იყო კონფლიქტის დარეგულირებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მომზადებას ეწეოდა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ის მაშინ ფორმალურად აღიარებდა. ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაცია ამზადებდა არა მარტო ბოევიკებს, არამედ უკანონო სამხედრო ფორმირებებთან ურთიერთქმედებებისათვის კონკრეტული სამხედრო მოქმედებები დაგეგმა, რომელთა რეალიზებაც 2008 წელს მოახდინა. სხვა სიტყვებით, რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა ქართული მხარის სიმართლე, რომელსაც ის ჯერ კიდევ ომის წინ აცხადებდა – რომ, რეალურად, რუსეთის ფედრაცია კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს, ავარჯიშებს და აიარაღებს სეპარატისტებს, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა.

პუტინი, ამ თავისი აღიარებით გარკვეულ პატივისცემას იმსახურებს, როგორც პიროვნება. კაცი ამბობს სიმართლეს – მოვედი ჯარით, დაგჟუჟეთ, გადაგწვით, დაგხოცეთ, ოკუპაცია მოვახდინე თქვენი  ტერიტორიების და ფეხებსაც ვერ მომჭამს ვერავინ. მონგოლის სისხლმა გაიღვიძა მასში. მონგოლები ვერ იტანდნენ ტყუილს. მხოლოდ ტყუილისა და ღალატის შემთხვევაში სჯიდნენ სიკვდილით ადამიანებს. ასეთი იყო ჩინგის ხანის სამართლის კოდექსი.

აქედან გამომდინარე, ყველა ის ვინც იძახის, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, პირველ რიგში არის უვიცი, იმიტომ რომ საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, და მეორეს მხრივ, ნებით თუ უნებლიედ,  ქვეყნის  მოღალატე. მოღალატე, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება. (საქართველომ  2008 წელს ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არა კაპიტულაციას. ცეცხლის შეწყვეტა გულისხმობდა მთელი რიგი პუნქტების შესრულებას, რომელიც რუსეთმა არ შეასრულა. აქედან გამომდინარე ეს არის დროებითი ზავი და არა ომის დასასრული.) ასეთ ვითარებაში მტრის მაამებელი ნებისმიერი გამონათქვამი არის, და იყო ყოველთვის სამშობლოს ღალატის ტოლფასი.

პუტინის საჯარო განცხადების მერე, ხელისუფლების მიმართ, ბრალდებები ასე შეიცვალა; ომი საქართველომ კი არ დაიწყო, არამედ სააკაშვილს რომ გონივრულად ემოქმედნა ამდენ მსხვერპლს თავიდან ავიცილებდითო. ადმიანი, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს  მიამიტი პოლიტიკოსია, ანდა საერთოდ წარმოდგენა არაა აქვს რა არის რუსეთი. ამ ადამიანებს ვურჩევდი, თუ კი თხვა არ უყვართ, შეიარონ ოკუპაციის მუზეუმში და თვალით მაინც იხილონ რუსული სინამდვილე. ერთი ის მითხარით, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ქართველი პოლიტიკოსები, 1783 წლის ტრაქტატის შემდეგ, რომ რუსეთს საქართველოს ანექსია არ მოეხდინა? ან როგორ უნდა მოქცეულიყვნენ 1921 წელს, რომ ქართველი იუნკრები არ დაღუპულიყვნენ? რა ერთგულება უნდა გამოეჩინა ერეკლე მეორეს, იმაზე მეტი რუსეთისათვის, რომ ასპინძის ბრძოლის დროს ტოტლებენს არ ეღალატა მისთვის? რუსეთ-საქართველოს ისტორია არ ტოვებს კითხვის ნიშანს – რუსეთი არის საქართველოს ყველაზე დაუნდობელი და ვერაგი მტერი. სააკაშვილის მაგივრად მამაზეციერი რომ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, რუსეთი იგივეს გააკეთებდა რაც გააკეთა და რასაც აკეთებდა ბოლო 300 წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ.

 „მარქსიზმ-ლენინიზმის ფილოსოფიური საფუძველი – მატერიალისტური ფილოსოფია – აღმოჩნდა სრული ტყუილი.  მაგრამ ადამიანები, ვინც ამ ფილოსოფიით არიან გაზრდილები, ისინი ხომ ცოცხლები არიან. ე.ი. ეს “საქმე” ჯერ კიდევ “ცოცხლობს”. ამიტომაც ჯერ კიდევ არსებობს რუსეთის იმპერია.”

 2008 წლის  აგვისტოს  ომით რუსეთი, უბრალოდ  შეეცადა ძველი რეალობა, ადრე არსებული მისი წესრიგი, ახლებურად დაეკანონებინა, ბოლოსდაბოლოს აფხაზეთიც და ცხინვალიც ხომ საბჭოთა კავშირი იყო. (1961 წელს მიხეილ სუსლოვი თავის საიდუმლო მოხსენებაში აღნიშნავდა: “დღეს თუ არა ხვალ ქართველები დაიწყებენ ბრძოლას კომუნიზმის წინააღმდეგ და თავისი დამოუკიდებლობისათვის. ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთში, სამეგრელოში და სვანეთში, მათ უნდა მიეცეთ ავტონომიები, თითოეულ მათგანში უნდა გაჩაღდეს ადგილობრივ-ნაციონალისტური გრძნობები, უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ქართველები მხოლოდ ჩამოსახლებულები არიან აფხაზეთში. დასავლეთ საქართველო უნდა დაუპირისპირდეს აღმოსავლეთს და ამის მერე უნდა შევასრულოთ შუამავლის როლი”.  სუსლოვი იდეოლოგიურ სფეროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირში.)

ახალ  რეალობის დანახვა რუსეთს არ უნდა.  “მკვდარი” იდეის მატარებელ ქვეყანას კი მომავალი აღარ გააჩნია.”

„მიხეილ გორბაჩოვი ცდილობდა, საბჭოთა კავშირში დაემკვიდრებინა “ახალი აზროვნება”, შედეგი ცნობილია. “ახალი რეალობის” დამკვიდრების მცდელობა რუსეთისთვის იგივე შედეგით დამთავრდება.  ყოველი “ახალი”, ძველი რეალობისთვის დამღუპველია.” (თ. ზაქრაძე)

ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან ჩამოშორებისა, იქნება ეს ნატო-ზე უარის თქმა თუ რაღაც ეფემერული ნეიტრალიტეტის იდეა, მიმაჩნია, არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს ინტერესებისადმი მავნებლობად და ღალატად. მით უმეტეს, დღევანდელი ხელისუფლების დადანაშაულება ომის გაჩაღებაში.

რუსეთი დღეს ყველანაირად ცდილობს, საქართველო მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მოვილაპარაკოთ, არამედ იმიტომ, რომ “რუსული რულეტკა” გვათამაშოს, თანაც რუსული წესებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელში დაგვაჭერინებენ სავსემჭიდიან ნაგანს, ჩვენ თვითონვე გარანტირებულად რომ ვიხალოთ ტყვია შუბლში. საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციის დაბრუნება ნიშნავს რუსეთისთვის მონოპოლიის წართმევას ევრაზიაში. ამიტომაც დღეს რუსეთი მიდის ვა-ბანკზე. მობილიზებულია ყველა ძალა. ჩართულია ყველა ახალი თუ ძველი “ვაი პატრიოტი” ქართველი,  რომ ხალხის თვალში როგორმე დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინოს. უკვე გამოჩნდა ამის ნიშნები. რუსეთი იწყებს “Последний и решительный бой”-ს (უკანასკნელ და გადამწყვეტ ბრძოლას). დრო აღარ ითმენს. კრემლისთვის წამზომი ჩართულია.   ბრძოლა ერთდროულად  დაიწყება  ყველა მიმართულებით, როგორც  შიგნიდან  ისე გარედანაც. ასე რომ, მოემზადე საქართველო!!! ძალიან ბევრი შემოგთავაზებს “რუსული რულეტკის” თამაშს. სიფრთხილეს თავი არ ტკივა, უცოდინარობა კი უთავობას უდრის. უნდა გავძლოთ. ჩვენი თაობა ჭეშმარიტად ბედნიერი თაობაა, ჩვენ წილად გვერგო სამშობლოს განთავისუფლება. ისევე როგორც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლით გაჟღინთეს მშობლიური მიწა, ჩვენც ვალდებულები ვართ  ჩვენი შვილების წინაშე, ოღონდ დღეს გონიერებაა ჩვენი მთავარი იარაღი. ქართველი პოლიტიკური ფიგურები  მიუღებლები უნდა იყვნენ ჩვენთვის, თუ ისინი არ ემსახურებიან საქართველოს დამოუკიდებლობას და  თავისუფლებასა, რაც მისი არსებობის უზენაესი იდეაა. (თ. ზაქრაძე)

მართლაც განზრახ უნდა ხუჭავდე თვალებს, რომ ვერ ხედავდე, იმას რომ “ქართული ოცნება” ეს არის რუსული ოცნება. დანაშაულია, როცა შენი ქვეყნის მოწინააღმდეგის  თამაშით თამაშობ, რომელიც აწყობს ოკუპანტს, და ძალაუფლების გამო ვერ ამბობ უარს ამ თამაშზე. იმ ხლხზე არაფერს ვაბმობ, რომელთაც ფულის გულისთვის ხელი მოაწერეს ამ თამაშის წესებს. ისიც მესმის, ამ ხალხის რიგებში ბევრი მოხვდება წესიერი, იმედგაცრუებული ადამიანი, რომელებიც ეკიდებიან ამ იმედს, მაგრამ ისინი უნდა მიხვდნენ,  ბედნიერებას ვერ მოგიტანს ის რაც შენს სამშობლოს ავნებს. ბევრი პოზიტიური კეთდება დღეს  საქართველოში, დაუნახავი, ანდა ფანატიკოსი უნდა იყო ეს არ აღიარო..შეცდომები კი არის მაშინ როცა აკეთებ.

ისევ მახსენდება დათა თუთაშხიას საუბარი მეწისქვილესთან….

ღმერთმა დაგვიფაროს,  ისე მოხდეს, რომ ჩვენი თაობის მეოცნებეთა ბრძოლას,  დღევანდელი კეთილდღეობისათვის, ფულის სიყვარულსა და საბჭოურ „ნეტარებას”,  ქვეყანა და მომავალი თაობები გადავაყოლოთ.

აი რა ლექსი მიუძღვნა აკაკი წერეთელმა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის 100 წლისთავს:

ჩაფიქრება

„მეც მივდივარ, შენც მიდიხარ, გეთხოვები, საქართველო! –

მეც ვჭკნები და შენცა ჭკნები, როგორც ზამთრის პირად მდელო.

 თვით ბუნების კანონია, მე რომ დავჭკნე ვით ფოთოლი,

 სამერმისოდ სხვა გამოვა ჩემი სწორი, ჩემი ტოლი!

მაგრამ შენ, ხევ ცხოვრებისა და აკვანო მთელი ერის,

მომავალი შავ-ბედითი სიკვდილის ზარს რად გიმღერის?!

 რაც-კი გქონდა სისხლად, ხორცად, შენაძენი ათას წლობით, –

 მთლად მოგიკლა ასმა წელმა თვალთმაქცურის საძაგლობით.

მოგიხიბლა თვალი, გული, გიქარგავდა ზედაპირსა,

მაგრამ მითი იმავე დროს, როგორც ჩრჩილი, ხრწნიდა ძირსა!

 და აღარ ხარ, რაც იყავი: ჰხმები, სჭკნები ნელა-ნელა,

ათასის წლის ჭირნახული ასმა წელმა მოგინელა.

რაც რომ მტრობამ ვერ დაგაკლო, ის მოყვრობამ აგისრულა

სულ ხელის-სმით და „ნანინით” შენი ძირი გამოხრულა.

შენს წაქცევას და დამხობას „ასი წელი” შემოჰყურებს,

შენ წახვალ და სხვა შემოვა, შენს ნადგომზე ისადგურებს…”

———————————————-

ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძი ლექსიდან „ბედნიერი ერი”

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?

ამ ლექსით ილიას ქართველი ხალხის გამოფხიზლება უნდოდა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრს სძინავს სამწუხაროდ.გამოფხიზლდით!!!!!!!!!!!